საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი საბერძნეთთან მატჩით გახსნა და სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლო წუთამდე ტოლსწორად ებრძოლა და თამაში ერთადერთი ქულით წააგო, ანგარიშით 10:11.

როტერდამში დღეს დაწყებული შეჯიბრება 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და თორმეტ მონაწილე ნაკრებს შორის სამი საუკეთესო ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგ, ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გააგრძელებს ლიცენზიისთვის ბრძოლას.

15 თებერვალს ქართველი წყალბურთელები თურქეთს უნდა დაუპირისპირდნენ, მაგრამ შეიძლება გამარჯვება აუზში ჩაუსვლელად გაიფორმონ. წინასწარი ინფორმაციით, ორგანიზატორებმა თურქეთის ნაკრები შეჯიბრებიდან მოხსნეს, გუნდში დაფიქსირებული კორონავირუსის გამო.

მსგავსი სიახლები