ბოლო სიახლეები


26 თებერვალს „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“ ტრადიციული „თვის მიმოხილვა“ გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის იანვრის თვის მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს.

რეგულატორი 6 ძირითად ეკონომიკურ პარამეტრზე კონცენტრირდება: სამომხმარებლო ფასები(ინფლაცია), მონეტარული დინამიკა, საბანკო სექტორი, სავალუტო ბაზარი და საგარე ვაჭრობის მიმოხილვა. 

ინფლაცია და სამომხმარებლო ფასები

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.1%-ით გაიზარდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 2.8% შეადგინა. ინფლაციის მატება, სავარაუდოდ, ნავთობის ფასის ზრდას უკავშირდება.

ინფლაციის დონის კლება პოზიტიურად არ ასახულა საბაზისო სასურსათო პროდუქტზე. წინა წელთან შედარებით, სურსათი 6.3%-ითაა გაძვირებული, რაშიც უდიდეს წილს შემდეგი პროდუქცია იკავებს:

  • თევზეული – 10.4%-ით გაძვირდა
  • ზეთი და ცხიმი – 27.3%-ით
  • შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი – 8.9%-ით
  • ჯანდაცვა – 9.7%-ით

გარდა ამისა, წლიური ინფლაციის დონე იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის მიხედვით განსხვავებულია – იმპორტირებული საქონელი მხოლოდ 0.9%-ითაა გაძვირებული, როცა ადგილობრივ ნაწარმზე 3.1% მოდის.  

მონეტარული დინამიკა 

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა –ჯამური ვალუტა მიმოქცევასა და ეროვნული ბანკის საცავებში – 91 მილიონი ლარით გაიზარდა. საპირისპიროდ, წინა თვეში ფულის მასა ეკონომიკაში 54.4 მილიონი ლარით იყო შემცირებული.

იანვარში ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო ინტერვენციების ფარგლებში, $80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რასაც თვის დასაწყისში შესყიდული $81.7 მილიონი აშშ დოლარი ემატება და ჯამში, უცხოური აქტივების $1.7 მილიონიან შემცირებას გვაძლევს. 

თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 300.1 მლნ ლარით გაიზარდა, მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში – 243.4 მლნ ლარით. 

საბანკო სექტორი

სებ-ის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 31.4%-ით არის გაზრდილი. 

გაზრდილია კომერციულ ბანკებში განთავსებული, ლარში დენომინირებული დეპოზიტებიც. წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 75.1 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამურად 13.4 მილიარდი ლარი შეადგინა. თითქმის უცვლელია უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ოდენობა – $6.51 მილიარდი დოლარი.

იანვარში დეპოზიტებზე დარიცხული საშუალო საპროცენტო განაკვეთები 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.5% შეადგინა. 2020 წლის იანვარში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2% შეადგინა. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხული საშუალო განაკვეთი უცვლელად 1.9%-ია. 

რაც შეეხება დაკრედიტებას, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, ჯამური სესხების წლიურმა მატებამ 9.2% შეადგინა, საიდანაც 89.3% გრძელვადიან სესხებზე მოდის. გარდა ამისა, წინა წლის იანვართან შედარებით, სესხებზე დარიცხული საშუალო საპროცენტო განაკვეთები 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა. აქედან ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 1.3 პპ-ით გაიზარდა და 15.7%-ს შეადგენს, უცხოურ ვალუტაში გაცემულზე კი – 6.9%-ს.

სავალუტო ბაზარი

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 0.3%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 0.5%-ით გაუფასურდა. 

ამავე პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.2%-ით, თურქული ლირის მიმართ კი – 4.4%-ით გაუფასურდა. მეორე მხრივ, რუსული რუბლისა და სომხური დრამის მიმართ აშშ დოლარი 0.5%-ით გამყარდა. 

საგარეო ვაჭრობა

2021 წლის იანვარში ექსპორტი წლიური 16.2%-ით შემცირდა და $224.4 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 16.6%-ით, $538.1 მლნ დოლარამდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, საგარეო სავაჭრო დეფიციტი წლის ჭრილში 16.8%-ითაა შემცირებული და $313.6 მლნ დოლარს შეადგენს. 

რეგიონის ქვეყნებიდან, იმპორტის კლებაში მაღალი წილით გამოირჩეოდა რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც ძირითადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვების კლებას უკავშირდება. აგრეთვე შემცირდა იმპორტი უკრაინიდან, რაც ფოლადის წნელებსა და საქონლის გაყინულ ხორცს უკავშირდება. 

2021 წლის იანვარში იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს(8.6%) ნავთობის აირები წარმოადგენდა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 18.5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ექსპორტს, რეგიონის ქვეყნებიდან მაჩვენებლის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანში ექსპორტის კლებამ, რაც, დიდწილად, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. რეგიონის სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია რუსეთში - ფეროშენადნობებისა და ყურძნის ნატურალური ღვინოების, სომხეთში მსუბუქი ავტომობილების, ხოლო უკრაინაში მსუბუქი ავტომობილების, ქიმიური სასუქებისა და მინერალური წყლების ექსპორტის კლება.

2021 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წლიურად 19.2%-ით გაიზარდა და $149.8 მლნ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 93.6%-ით შემცირდა, ხოლო უშუალოდ ტურისტების ოდენობა – 91.9%-ით. 

 

მსგავსი სიახლები