ბოლო სიახლეები


ვიხილე ბევრი მანიპულაციური, დამახინჯებული ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე განაცხადა.

თურქეთის ელჩი საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს.

„ვფიქრობ, არსებობს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა, რადგან კომუნიკაციის, საინფორმაციო სფეროში მე ვიხილე ბევრი მანიპულაციური, დამახინჯებული ფაქტი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს და რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა, რა გაკეთდება და ვინ და როგორ გააკეთებს, ეს უნდა განიხილებოდეს წესიერი გზით და ურთიერთპატივისცემით.

პროექტის მსხვილი ინვესტორი თურქეთიდან და ნორვეგიიდანაა, თუმცა არავინ ახსენებს ნორვეგიას და საუბრობენ მხოლოდ თურქების შემოჭრასა და იმაზე, თუ რატომ ყიდიან მიწას თურქებზე. ჩემთვის ეს არის აისბერგის მწვერვალი, რადგან აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში მე ძალიან ყურადღებით ვუყურებ მედიას; რადგან თურქეთში ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყანას. დიახ, ჩვენ გვჯერა ისტორიის, გასულ საუკუნეებში ჩვენ გვქონდა ომები, როგორც ყველა სხვას. თუმცა ეს ისტორიას ჩაბარდა და საქართველოს დამოუკიდებლობიდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვავითარებთ კარგ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებიდან სარგებელს ვიღებთ. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ აქ არის ანტითურქული ენა. თუმცა სამი წლის განმავლობაში მე ვხედავ, რომ პერიოდულად ეს განწყობა ძლიერდება და სოცილურ ქსელებში არიან ადამიანები, რომლებიც ამას აღვივებენ. მე ვხედავ, სად იწყება ეს და სად მიდის. ეს იწყება კონკრეტული ფეისბუქმისამართებიდან, რომლებიც დაკავშირებული არიან სხვადასხვა ქსენოფობიურ ვებგვერდთან. გაიხსენეთ ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემსრულებელი; გაიხსენეთ, რა ნიშნები ჰქონდა მას იარაღზე – სიმბოლოები ისტორიიდან. აქ მე მოვისმინე ერთი მოსაზრება, რომელიც ჩემთვის გასაკვირი და ცოტა სასაცილოც კი იყო. მე მკითხეს, იწურება თუ არა ყარსის შეთანხმების ვადა 2021 წელს. მე გამიკვირდა და ვიკითხე, საიდან მოიტანს ეს, თურქეთში ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს. შემდეგ მე გავაცნობიერე, რომ ისინი იყენებენ ამ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი საზღვრების დემარკაციას ახდენს, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობ – არა, ყარსის შეთანხმება სრულფასოვნად ძალაშია. ჩვენი საზღვრები საქართველოსთან დემარკირებულია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს იდეა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აწუხებს ზოგ ადამიანს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან მათ სურთ საქართველოსა და თურქეთს შორის პრობლემების შექმნა. მე, როგორც დიპლომატი და ელჩი, ვერ გეტყვით, ვის ვგულისხმობ. თუმცა მე შემიძლია, ჩემი ნათქვამის დასამტკიცებლად დოკუმენტები მოგაწოდოთ; შემიძლია, მოგცეთ ვებგვერდების მისამართები და სახელები. მსოფლიო უსაზღვროა, ეს კეთდება ზოგჯერ ვებგვერდებით ბალკანეთიდან, ზოგჯერ ამერიკიდან, ზოგჯერ რუსეთიდან ან სომხეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან.

ვფიქრობ, ამ მხრივ ნამახვანის პროექტი საჩვენებელი მაგალითია. არის პრობლემა, ჩვენ უნდა განვიხილოთ, ვნახოთ რაში მდგომარეობა პრობლემა და ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. რადგან საქმე ეხება თურქეთის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამ იდეების პროვოცირებას ჩვენი ურთიერთობების საზიანოდ. ამას არც საქართველოს და არც თურქეთის მთავრობა არ დაუშვებს“

განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

 

მსგავსი სიახლები