„უკვე დიდი ხანია კავკასიის რეგიონში საქართველო მისაბაძ მაგალითად მიიჩნევა, თუმცა ახლა მთავრობის ქმედებები ქვეყნის დასავლურ მიმართულებას საფრთხის ქვეშ აყენებს“ - ვკითხულობთ გერმანულ ჟურნალში - „Cicero“, სადაც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველო არასწორ გზაზე“. სტატიის ავტორი ოლივერ როლოფსია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტია.

სტატიაში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, უცხოური ინვესტიციები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, რუსეთის გავლენები და ა.შ.

ავტორი წერს, რომ რუსეთი იყენებს კორონა ვირუსის კრიზისს და საერთაშორისო ყურადღებას ბელორუსზე, რათა კიდევ უფრო გააფართოოს ქვეყანაში თავისი გავლენა.

„2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. იმდენად დიდი, რომ მან უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოც კი. საქართველო კორუფციის ინდექსში მოწინავე პოზიციაზეა იტალიასთან, საბერძნეთთან, ლიეტუვასთან და რუმინეთთან შედარებით. პრესის თავისუფლების მხრივ კი საქართველო უსწრებს პოლონეთს, მალტასა და უნგრეთს“ - ვკითხულობთ სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ პუბლიკაცია ისეთ მნიშვნელოვან თემასაც ეხება, როგორიცაა საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივა. როლოფსი წერს, რომ „თორმეტი წლის წინ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ  საქართველოს ჰქონდა ნატოს წევრობის პერსპექტივა. ამასობაში, რუსეთთან კონფლიქტის მქონე ქვეყანა შევიდა ნატოს ე.წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პროგრამაში“ (EOP). 2016 წლიდან კი დაიდო ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ადრე თუ გვიან გახდება ნატოს წევრობის კანდიდატი“.

როგორც აღვნიშნეთ, სტატიაში საუბარია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობაზეც.

„საქართველო სტრატეგიული მდებარეობით სარგებლობს, რასაც თავის მხრივ დაემატა სწრაფი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკული პროგრესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ფაქტორმა საქართველო კავკასიის რეგიონის სამაგალითო ერად ჩამოაყალიბა. რუკაზე უბრალო დახედვაც ცხადყოფს, რომ საქართველო არამარტო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო ჰაბის, არამედ მთლიანად აბრეშუმის გზის სტატეგიულ ადგილს იკავებს.

აღნიშნული მდებარეობა შესაძლებელს ხდის სწრაფ, მეტად ეფექტურ კავშირს და ქვეყანას ხდის მიმზიდველს ისეთი ჰიპერმასშტაბური კომპანიებისთვის როგორებიცაა: „ვოდაფონი“, „გუგლი“ ან „ამაზონი“ - წერს ავტორი.

საგულისხმოა ისიც, რომ სტატიაში საუბარია რუსეთის გავლენებსა და მთავრობის არასწორ გადაწყვეტილებებზე, რაც ქვეყანას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული არათანმიმდევრული ზომების გამო ქვეყანა სულ უფრო და უფრო ემსგავსება პოტიომკინის სოფელს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება უცხოელი ინვესტორები და შესაბამისად, აფერხებს სახელმწიფოს ევროპისკენ მავალ სამომავლო გზას.

ამავე დროს ძლიერდება რუსეთის მხირდან ზეგავლენა, რომელიც აფართოებს და წევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, რომელიც ჩამოსცილდა საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ. სულ რაღაც 2019 წელს საქართველო ისევ გახდა ფართო მასშტაბიანი კიბერ შეტევის მსხვერპლი, რომელიც მომდინარეობდა რუსეთიდან. იმ დროს როდესაც ევროპა დაკავებულია კორონა პანდემიასთან ბრძოლით და უყურებს ბელორუსიაში განვითარებულ მოვლენებს, მოსკოვი აგრძელებს თავისი ძალაუფლების პოზიციების გაფართოვებას შავი ზღვის რეგიონში ენერგო რესურსების ტრანსპორტისა და ვაჭრობის მნიშვნელოვან გზებზე.

რაც შეეხება ევროპულ ინვესტიციებს, შემაშფოთებელია ბოლო წლების სამთავრობო ზომები უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან მიმართებით, რაც საფრთხეს უქმნის ევროპასთან დაახლოებას. უპირველეს ყოვლისა, ეს მოიცავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, კონტრაქტების დარღვევასა და საერთაშორისო ინვესტიციების ექსპროპრიაციას.

მაგალითისთვის, 2019 წელს, NEQSOL Holding- მა, საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ახორციელებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, შეიძინა „კავკასუს ონლაინის“ სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ მომსახურების 49 პროცენტი. დაგეგმილი იყო დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება  ბოჭკოვანი ქსელის შესაქმნელად, რომელიც, როგორც „ციფრული აბრეშუმის გზა“, დააკავშირებდა 1,8 მილიარდ ადამიანს ევროპას, კავკასიასა და შუა აღმოსავლეთს შორის აზიასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ მთავრობას აცნობა თავისი გრძელვადიანი გეგმების შესახებ და პასუხისმგებელი ორგანოებისა და მინისტრების ნებართვა მიიღო, თუმცა მთავრობამ კომპანიის გასხვისებისა და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, დაიხურა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც, რომელიც აშშ-ს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ საქართველო გამხდარიყო აღმოსავლეთიდან - დასავლეთით გამავალი საზღვაო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაძლებელია, სწორედ რუსეთის ზეწოლის მიზეზით, ეს პროექტიც ამ წელს დაიხურა.

ამ მოცემულობაში, საქართველო ან რუსული გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს და მიჰყვეს ევროპულ გეზს, ან განაგრძოს რუსული გავლენების ქვეშ არსებობა. პირველ შემთხვევაში საქართველო იქნება ძლიერი ქვეყანა, რომელიც ღია იქნება საერთაშორისო დონეზე და წარმოადგენს ევროპულ ფასეულობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს ემუქრება გახდეს ბუფერული სახელმწიფო ევროკავშირსა და რუსეთს შორის“ - ვკითხულობთ სტატიაში.

მსგავსი სიახლები