ბოლო სიახლეები


ჟურნალი „Blätter“ გავლენიანი გერმანელი ფილოსოფოსის, იურგენ ჰაბერმასის წერილს აქვეყნებს, რომელიც ავტორმა გერმანიის გაერთიანების 30 წლისთავს მიუძღვნა. ვრცელ წერილში ჰაბერმასი მიმოიხილავს გერმანიის და ევროკავშირის თანამედროვე მდგომარეობას, ორად გაყოფილი გერმანიის ისტორიას, გაერთიანების პერიპეტიებს, ევროკავშირში გერმანიის როლსა და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში მომძლავრებული რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობებიდან მომდინარე საფრთხეებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჰაბერმასის წერილიდან:

1989-1990 წლებში კომუნიზმის ნგრევით გამოწვეული მსოფლიო ისტორიის სეისმური ძვრის შემდეგ, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან, შესაძლოა, ახალი წყალგამყოფი აღმოჩნდეს. ყველაფერი მომდევნო თვეებში გადაწყდება ბრიუსელსა და ბერლინში.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს ორ ბანაკად გაყოფილი მსოფლიოსა და ძლევამოსილი კაპიტალიზმის გავრცელების შედარება ამჟამინდელი პანდემიის ელემენტარულ ბუნებასთან, რომელმაც ყოველი ჩვენგანის ყურადღება მიიპყრო და რომელიც მსოფლიო ეკონომიკას აქამდე არნახულ კრიზისს უქადის. მაგრამ, თუკი ჩვენ, ევროპელები ამ შოკს კვალიფიციურად ვუპასუხებთ, ამით, შესაძლოა, დავინახოთ პარალელი ამ ორ გარდამტეხ მოვლენას შორის. იმ დღეებში გერმანიისა და ევროპის გაერთიანება მჭიდროდ იყო ურთიერთდაკავშირებული. დღეს კი, ამ ორ პროცესს შორის ერთ დროს აშკარა კავშირი, თავისთავად ცხადი აღარაა... 

პოლიტიკური კარტების [ახლებური] გათამაშება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც შესაძლებლობა ვსრულყოთ გერმანიის გაერთიანების პროცესი და, ჩვენი ეროვნული ძალების გაერთიანების მეშვეობით, ევროპული ინტეგრაციისაკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ. მოდით, თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ევროპული ერთიანობის გარეშე ვერ დავძლევთ ვერც პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს და ვერც შინ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მომძლავრებულ მემარჯვენე პოპულიზმს.  

 

მსგავსი სიახლები