ბოლო სიახლეები


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ინფორმაცია, რომ ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი დიდი დეპარტამენტი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად შეფასდა. ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკო-ს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი მაგალითად, არც კი არსებობს.

მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკო-ს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. მომავალში მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული თუ იქნება, რა თქმა უნდა ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

შეიქმნა ცესკო-ს მდივნის აპარატი, ცესკო-ს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული“,

განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მსგავსი სიახლები